კისრის ოსტეოქონდროზს ოფისის თანამშრომლების დაავადებას ეძახიან, რადგან მჯდომარე ცხოვრების წესი და ერთ პოზიციაში დიდხანს გაჩერება ხერხემლის კისრის ნაწილის მუდმივ დაძაბვას იწვევს. ამ დაავადების გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. მათ შორის არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და არასწორი კვება. თუ ორგანიზმი არასაკმარისი რაოდენობით იღებს კალციუმსა და ფოსფორს, ცილასა და ამინომჟავებს, მაშინ ძვლები და სახსრები ნაკლებად გამძლე და ნაკლებად მოძრავი ხდება. ასევე ოსტეოქონდროზის განვითარების მიზეზი ხშირად ჭარბი წონა, კვების არასწორი რეჟიმი, ორგანიზმის ინტოქსიკაცია და ინფექციური დაავადებებია. ჩამოთვლილის გარდა, კისრის ოსტეოქონდროზის გამოწვევი სხვა გავრცელებული ფაქტორებიც არსებობს. მათ, შორის არის:
- ხერხემლის ტრავმა;
- სუსტი ფიზიკური განვითარება;
- ბრტყელტერფიანობა;
- სქოლიოზი;
- არასწორი ფიზიკური დატვირთვა;
- უმოძრაო ცხოვრების წესი;
რა სიმპტომები ახასიათებს კისრის ოსტეოქონდროზს?
კისრის ოსტეოქონდროზი გამოირჩევა კლინიკური სიმპტომების მრავალფეროვნებით, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის ანატომიური აგებულების თავისებურებით აიხსნება. ამ დაავადების დროს თავს იჩენს უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც მხარს, წინამხარსა და თითებს გადაეცემა. ამ მიდამოში ჩნდება ჩხვლეტის შეგრძნება, ზოგჯერ იმატებს ან მცირდება მგრძნობელობა, რის გამოც ადამიანს ღამით გაღვიძება და ხელის კუნთების დაზელა უხდება. ზოგჯერ ტკივილი მწვავეა და თან სდევს დენის დარტყმის შეგრძნება. არცთუ იშვიათად ტკივილს ხელის მინიმალური დატვირთვაც აძლიერებს. კისრის ოსტეოქონდროზის სიმპტომებია:
- თავბრუსხვევა;
- თავის ტკივილი;
- ხელების დაბუჟება;
- ხელებში ჩხვლეტა;
- ყურებში ხმაური;
- ყლაპვის გაძნელება;
- კისრის “ხრაშუნი”.
კისრის ოსტეოქონდროზის მკურნალობა
ოსტეოქონდროზის მკურნალობის ზოგადი პრინციპია მოძრაობის ადეკვატური რეჟიმის დაცვა და სამკურნალო ვარჯიშების შესრულება. ამასთანავე, კისრის ოსტეოქონდროზის დროს უნდა შესრულდეს ისეთი ვარჯიშები, რომლებიც სრული უმოძრაობის პირობებში მნიშვნელოვან კუნთოვან დაძაბულობას იწვევს. გარდა, ამისა ამ დროს ეფექტურია კისრის ფიქსატორების გამოყენება, რადგან ეს პროდუქტი ზღუდავს კისრის მოძრაობას და სხეულის ამ ნაწილში ტკივილს ამსუბუქებს. მას შეუძლია კისერი ტრავმისგან დაიცვას, თავი ნეიტრალურ პოზიციაში დააფიქსიროს და ხერხემლის არეში დაჭიმულობის შეგრძნებაც მოხსნას