კორსეტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული პროდუქტია, რომელსაც პაციენტები სხვადასხვა პრობლემის გამო ატარებენ. ხშირია ამ სამედიცინო საშუალებების გამოყენება ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიების, ზურგის სვეტის დაზიანებების, ოსტეოპოროზისა და რადიკულიტის დროს. წელის კორსეტები ტკივილის შემცირებას ეხმარება და ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას უწყობს ხელს. მათი ტარება რეკომენდებულია ოპერაციის შემდგომ პერიოდში და იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც თეთრი ხაზის ან მალთა-შუა დისკის თიაქარი აწუხებთ. ამ პროდუქტების გამოყენებამდე უმჯობესია, რომ რეკომენდაციები პირადი ექიმისგან მიიღოთ. მათი ტარების პერიოდი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. შესაძლოა, მათი გამოყენება საჭირო იყოს რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვეც კი.
რა ტიპის კორსეტები არსებობს?
კორსეტები არსებობს სხვადასხვა ტიპის, რომელსაც მომხმარებლები ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების დროს იყენებენ. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- ზურგის კორსეტი – ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის დამზადებული, მისი ტარება მარტივად ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და იყენებენ ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს. ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს .
- წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტი-ალერგიული ქსოვილისაგან და მას აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს. ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.
- თორაკოლუმბალური (გულ-მკედრ-წელის) კორსეტი- დამზადებულია 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ხერხემლის, გულმკერდისა და წელის ნაწილების ფიქსაციას. გამოიყენება ხერხემლის მალების მოტეხილობისა და კიფოზის სამკურნალოდ. მას აქვს დამატებითი ღვედები და მეტალის ჩანართები, რომლებიც აძლიერებს ფიქსაციას.
- ჰიპერექსტენზიის კორსეტი – ახდენს ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას მალების კომპრესიული მოტეხილობების დროს. მისი წინა მხარე შედგება ალუმინისაგან, ხოლო უკანა მხარე ლამინირებული პლასტაზოტისაგან. ამ პროდუქტის გამოყენება ეფექტურია რევმატული ტკივილის დროსაც.
- ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტი – გამოიყენება სახსრების შეერთების დარღვევის, სპორტული დაზიანებების, ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვის, მალთა-შუა დისკის თიაქრის, გავა-თეძოს შესახსრების (მალთა-შუა სახსრების) ადგილის დისფუნქციის, უკანა კუნთების დაჭიმვისა და იოგების/მყესის დაჭიმვის მკურნალობის პროცესში.
- ოპერაციის შემდგომი სარტყელი – ხელს უშლის მუცლის პრესის კუნთების მოდუნებას და გამოიყენება მუცლის ღრუს ოპერაციების შემდგომ პერიოდში, ასევე ორსულობის ბოლო ტრიმესტრში. ეს პროდუქტი იცავს სხეულის ბუნებრივ ტემპერატურას წელისა და მუცლის ღრუში, აძლევს სითბოს და უზრუნველყოფს კომპრესიის უმნიშვნელო ხარისხს.
- სტომის კორსეტი – გამოიყენება ნაწლავებზე ჩატარებული ოპერაციების დროს სტომის დადების შემთხვევაში.
- მუცლის კორსეტი – არის ნეოპრინის მასალისგან დამზადებული, ჰაერგამტარი, უჩანართო კორსეტი, რომელიც ხელს უწყობს ტემპერატურული ბალანსის შენარჩუნებას. ის ახდენს მუცლის მიდამოს ფიქსაციას, ხელს უშლის კუნთების მოდუნებას.
- ოპერაციის შემდგომი ქამარი - ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული 26 სმ სიმაღლის კორსეტი, რომელიც გამოიყენება როგორც პოსტოპერაციულად, ასევე მშობიარობის შემდეგ. კორსეტის გამოყენებისას ზუსტად შეარჩიეთ ზომა, რათა არ გქონდეთ ძალიან მჭიდროდ და არ იწვევდეს ჭრილობის გაღიზიანებას.
რა დროს არის მნიშვნელოვანი კორსეტის ტარება?
კორსეტები ხელს უწყობს ხერხემლის არეში დატვირთვის შემსუბუქებასა და გამოიყენება კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების რეაბილიტაციის მიზნით. ექიმის რეკომენდაციით, ზოგიერთი მათგანი მუცლის ღრუს ოპერაციების შემდგომაც გამოიყენება. გასაბერი წელის კორსეტი კი საუკეთესო საშუალებაა ხერხემლის მალთაშუა დისკების დაზიანების, სპონდილოზის დროს და მენჯ-ბარძაყის ტკივილის შესამსუბუქებლად. წელის კორსეტების ტარება მიზანშეწონილია:
- ტკივილის დროს;
- დაავადებების დროს;
- ოპერაციის შემდგომ;
რაც შეეხება, მუცლის კორსეტს ადამიანები სხვადასხვა დანიშნულებით ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემის დროს იყენებენ. მაგალითად, პაციენტები მას მუცლის ღრუსა და ნაწლავებზე ოპერაციის შემდეგ, თიაქრის ჩამოყალიბების პრევენციისა და ჭრილობის დასაცავად ატარებენ. მუცლის კორსეტი ასევე საკმაოდ ეფექტურია ორსულობის შემდეგ, როგორც საკეისრო კვეთის, ისე ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში. ამ პერიოდში ეს პროდუქტი ხელს უწყობს კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, სასურველ ფორმაში ჩადგომის პროცესის დაჩქარებასა და ზედმეტი გართულებების პრევენციას. ორსულობის პერიოდში გამოსაყენებელი მუცლის კორსეტი და ბანდაჟი კი უზრუნველყოფს წელის სტაბილიზაციას, კუნთების გამაგრებასა და მუცლის დაწევის პრევენციას.