დღესდღეობით, პროფესიების დიდი ნაწილი სამსახურში უმოძრაოდ ყოფნასა და ერთ ადგილზე საათობით ჯდომას მოითხოვს. განსაკუთრებით, უმოძრაო ცხოვრების სტილი უკავშირდება თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ადამიანების სამუშაო კომპიუტერთან დიდხანს ჯდომას მოითხოვს, რაც სხვადასხვა სახის გართულებას იწვევს. მისი მავნე ზეგავლენა ნებისმიერი ასაკის ადამიანზე მოქმედებს და დროთა განმავლობაში ქმნის როგორც მხედველობის, ასევე ხერხემლის, კისრისა და წელის პრობლემებს. ამიტომ აქტიური ცხოვრების რიტმი ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდხანს, უმოძრაოდ ერთ ადგილას ჯდომა იწვევს კისრის ტკივილსა და სხვა მრავალ დისკომფორტს. კისრის ტკივილის შესამცირებლად საჭიროა, რომ თავი შეინარჩუნოთ სწორ-ნეიტრალურ მდგომარეობაში და მთელი დღის განმავლობაში მოერიდეთ თავის მოხრასა და უკან გადაწევას. ამით თავს აარიდებთ კისრის გაშეშებასა და დაჭიმულობას. უმოძრაო ცხოვრების წესი ნეგატიურად მოქმედებს ხერხემალზეც, ამის გამომწვევი მიზეზი კი გვერდულად ან მოხრილ მდგომარეობაში ხანგრძლივად არასწორი ჯდომაა. ამ დროს კი ხშირია წელის ტკივილი. უმოძრაობისგან გამოწვეული პრობლემებისა და ტკივილის მკურნალობის უპირველესი გზა აქტიური ცხოვრების რიტმია. ვარჯიში ზურგის კუნთების გაძლიერებასა და სხეულის გაჯანსაღებას უწყობს ხელს, წელის კუნთების გაძლიერება კი შესაძლოა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს სხვადასხვა პრობლემის პრევენციისთვის. ბეჭების ტკივილის დროს რეკომენდებულია აქტიური ცხოვრების წესი – ნაკლებად ინტენსიური ვარჯიშები, როგორიც არის ცურვა, იოგა, პილატესი და სიარული. თუ თქვენი სამუშაოც დიდხანს ჯდომას უკავშირდება, ყურადღება მიაქციეთ ხელების მდგომარეობას კლავიატურასთან მუშაობის დროს. თუ კლავიატურა სხეულის კორპუსიდან ძალიან მაღლა, შორს ან პირიქით, ახლოს გაქვთ შესაძლოა, შეიძინოთ მაჯის სახსრის სინდრომი. ამიტომ ხშირად შეიცვალეთ ჯდომის პოზა, აკონტროლეთ კუნთების დაძაბულობა, შეამოწმეთ, დაჭიმული ხომ არ არის ხერხემალი და მოირგეთ სამუშაო სივრცე კომფორტულად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი თავიდან აირიდებთ ხელის ტკივილისა და სხვა უამრავ პრობლემას.
თუ პასიური ცხოვრების რიტმი თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ეცადეთ, რომ ყოველდღიურად მცირე ფიზიკური აქტივობით დაკავდეთ. შეინარჩუნეთ აქტიური ცხოვრების რიტმი და ხანგრძლივი ჯდომის პერიოდში მცირე ვარჯიშები აკეთოთ.