მოტეხილობა, ღრძობა და დაჭიმულობა ყველაზე ხშირად გავრცელებული ტრავმებია. ამასთანავე, მოტეხილობა და ამოვარდნილობა მძიმე ტრავმების რიგს მიეკუთვნება, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. ამ დროს ხშირია ძლიერი ტკივილი და კიდურის ან სახსრის ფუნქციის დარღვევა/დეფორმაცია. დაჭიმულობა კი, როგორც წესი, უეცარი ძლიერი დატვირთვის შედეგად ვითარდება. მსგავსი ტრავმები ხშირია სპორტსმენებში ვარჯიშისა და ფიზიკური აქტივობების დროს. განვიხილოთ ის დაზიანებები, რომელთა მაჩვენებელი ყოველწლიურად მაღალია:
იდაყვის ამოვარდნა – თვალითაც შესამჩნევია, რადგან ამ დროს დაზიანებული მკლავი უმოძრაოდაა და თითქოს ადამიანი მას ჩამოკიდებულ მდგომარეობაში ატარებს. მას თან ისეთი ტკივილი ახლავს, რომლის დროსაც ხელის გამართვა თითქმის შეუძლებელია. მისი დაზიანება დისკომფორტის გამომწვევია და, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება ყოველდღიური საქმის შესრულება.
ხერხემლის ტკივილი – უკავშირდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკულ დაავადებებს, ზურგის ტვინის ნერვებზე ზეწოლას, სპონდილოზს, რადიკულოპათიას, კუნთების დაჭიმვას ან დაზიანებას. ზოგადად, ხერხემლის ტკივილი საკმაოდ რთული ასატანია, რადგან ის ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ცენტრალური ნაწილია.
ტერფის ტკივილი – შესაძლოა, გამოიწვიოს ფეხის გადაბრუნებამ, არასწორმა მოძრაობამ, იოგებისა და მყესების დაჭიმულობამ ან სულაც – მოტეხილობამ. გარდა ამისა, სხეულის ამ ნაწილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ბრტყელტერფიანობა. ტერფის ტკივილი საკმაოდ მწვავე და ძლიერია და ადამიანებს ის ფეხით გადაადგილებაში დისკომფორტს უქმნის.
ფეხის გადაბრუნება – საკმაოდ გავრცელებული პრობლებაა და ის შესაძლოა სხვადასხვა სიტუაციაში ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს ფეხი უხერხული მოძრაობის გამოც უბრუნდება. თუმცა, ხშირია მსგავსი შემთხვევები სპორტსმენებსა და ბავშვებში. მას, როგორც წესი, შეშუპება და შესიება ახლავს თან.
მხრის ტრავმა – ძალიან შემაწუხებელია და ყოველდღიურ საქმიანობაში ხელს გვიშლის, რადგან მხარი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი სახსარია. ამ დროს ადამიანი მწვავე ტკივილს გრძნობს, განსაკუთრებით, მყესების გაწყვეტისა და სასახსრე აბგის დაზიანების შემთხვევაში. ამ დროს შეუძლებელი ხდება ხელის ნორმალურად მოძრაობა და ვითარდება შეშუპება .
მუხლის ტკივილი – შეიძლება იოგებისა და მყესების დაზიანებასთან ან გარკვეულ ტრავმასთან იყოს კავშირში. გარდა ამისა, მისი გამომწვევი ფაქტორებია: იოგის გახევა, ხრტილის დაზიანება, დაავადებები – ართრიტი, ნიკრისის ქარი და ინფექციები. მუხლის ტკივილი საკმაოდ შემაწუხებელია და ცხოვრების ნორმალურ რიტმს აფერხებს.
კოჭის ტკივილი – შესაძლოა მის შიდა და გარე მხარეს ან აქილევსის მყესის გასწვრივაც ვრცელდებოდეს. მსუბუქი ხასიათის ტკივილი ძირითადად სახლის პირობებში მკურნალობითაც გაივლის, თუმცა ამ პროცესს დრო სჭირდება. კოჭის ტკივილის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს. შეიძლება ეს სირბილით, ფეხის გადაბრუნებით, წაქცევითა და დაჭიმულობით იყოს განპირობებული.
ორთოპედიული ტრავმის მიღება ხშირად უკავშირდება ავტოსაგზაო შემთხვევებს, მოულოდნელ დაზიანებებსა და სპორტულ აქტივობებს. განსაკუთრებით ხშირია, ასევე, ტრავმების ტენდეცია ზამთარში, თხილამურებით სრიალის დროსაც. აუცილებელია, რომ ვიყოთ ფრთხილად, რათა თავიდან ავირიდოთ ტრავმები, რომლებიც ძალიან დიდ დისკომფორტსა და შეზღუდვას იწვევს ყოფით ცხოვრებაში. ტრავმის მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აირიდოთ გართულებები და დაიწყოთ დროული მკურნალობ