ზურგის ტკივილი ადამიანების დიდ ნაწილს აწუხებს და ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია. ამ ფაქტს მედიკოსები ყოველდღიური ცხოვრების წესს უკავშირებენ და თვლიან, რომ ყოველდღიური საოფისე სამუშაო და კომპიუტერთან საათობით არასწორ პოზაში ჯდომა ზურგის ტკივილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ამ დროს მკურნალობისთვის პირველ ეტაპზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხერხემლის ნორმალური განვითარების ხელშეწყობას, ფიზიკურ აქტივობას, ვარჯიშსა და ცურვას.
ზურგის ტკივილის სიმპტომები
ზურგი ადამიანებს სხვადასხვა მიზეზის გამო სტკივათ და შესაბამისად, სიმპტომებიც განსხვავებული აქვთ.შეიძლება ზურგი ტკივილი მარჯვენა ან მარცხენა მხარეს იყოს გამოხატული. მაგალითად, ზურგის კუნთების დაჭიმულობის დროს ტკივილი ზურგის შუა და ქვედა ნაწილებში ჩნდება. თუ ეს უსიამოვნო შეგრძნება ზურგის ქვედა ნაწილში ან მხრებისა და კისრის არეში ვლინდება, შესაძლოა, ტკივილი სიმძიმეების აწევისგან იყოს გამოწვეული. ხერხემლის პათოლოგიების დროს ხშირად ადამიანებს ზურგი წოლის დროსაც აწუხებთ. გავა-წელის რადიკულიტის, ოსტეოქონდროზის, სქოლიოზის და მალთაშუა დისკის თიაქარის გამო ადამიანები ზურგს იტკიებენ. თუმცა, ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც რომელიმე ორგანოს ინფექციის დროს ტკივილი ზურგს გადაეცემა. მაგალითად, ნაღვლის ბუშტის დაავადება, სიმსივნე ან ინფექცია ზოგჯერ ზურგის ზედა და შუა ნაწილში იწვევს ტკივილს.
ზურგის ტკივილის გამომწვევი მიზეზები
როგორც ვთქვით, ზურგის ტკივილის ბევრი გამომწვევი მიზეზი არსებობს მათ შორის ყველაზე გავრცელებულია მჯდომარე ცხოვრების წესი, ხერხემლის პათოლოგიები, ფიზიკური დატვირთვა და პროფესიული საქმიანობა. ასევე:
- კუნთების დაჭიმვა ან დაზიანება;
- არასწორ პოზაში დიდხანს ყოფნა ან მოუხერხებელი მოძრაობა
- ზურგის ტვინის ნერვებზე ზეწოლა
- ხერხემლის მოტეხილობა
- სპონდილოზი
- რადიკულოპათია
ზურგის ტკივილის მკურნალობის გზები
ზურგის ტკივილის დროს ადამიანები პირველ ეტაპზე გასაყუჩებლად პრეპარატებს იღებენ. მკურნალობისთვის საუკეთესო მეთოდია სწორ ადგილზე ფეხით სიარული, რადგან ეს პროცესი ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს კუნთებს. ასევე სპეციალური ვარჯიშები შეიძლება დანიშნოს ფიზიოთერაპევტმა ან ექიმმა. თუ ზურგის ტკივილი ძალიან შემაწუხებელია ან ორ კვირაზე დიდხანს გაგრძელდა ექიმთან აუცილებლად უნდა მიხვიდეთ – შესაძლოა, საჭირო გახდეს ფიზიკური ან მედიკამენტური თერაპია ან სხვა სახის ჩარევა.
ზურგის ქამრები და კორსეტები
ზურგის ტკივილის შესამცირებლად ადამიანები ორთოპედიულ ქამრებსა და კორსეტებს ატარებენ. ხშირია ამ სამედიცინო საშუალების გამოყენება ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიების, ზურგის სვეტის დაზიანებების, ოსტეოპოროზისა და რადიკულიტის დროს. ზურგის ქამრები და კორსეტები სხეულის ამ ნაწილში ტკივილის შემცირებას ეხმარება და ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას უწყობს ხელს.ამ სამედიცინო საშუალებას შეიძლება ჰქონდეს მეტალის ან პლასტმასის ჩანართები და დამატებითი ღვედები,რათა პრობლემის შესაბამისად, შევძლოთ ზურგის საჭირო ხარისხით ფიქსაცია. მათი ტარების პერიოდი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. უმჯობესია,რომ ამ პროუქტების გამოყენებამდე რეკომენდაციები პირადი ექიმისგან მიიღოთ.