სახსრების ტკივილი მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს.ეს პრობლემა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება ჰქონდეს,მაგრამ 40 წელს ზემოთ მოსახლეობაში უფრო გავრცელებულია. ეს სიმპტომი ვლინდება უფრო მეტად ქალებში,ვიდრე მამაკაცებში.რისკ ფაქტორებს შორისაა ჭარბი წონა,თამბაქოს მოწევა და ინფექციური დაავადებები. ხშირ შემთხვევაში სიმპტომი მცირე ინტენსივობისაა და არ ახდენს გავლენას ცხოვრების ხარისხზე,ხანდახან კი ტკივილს შემაწუხებელი და აუტანელი ხასიათი აქვს და აქვეითებს ადამიანის შრომისუნარიანობას,მოქმედებს ემოციურ მდგომარეობასა და გონებრივ აქტივობაზე.სახსრების ტკივილის დროს ადგილი აქვს ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის: ძვლების,კუნთების,სახსრების,იოგების,მყესების,ხრტილების ან სასახსრე აბგის დაზიანებას.ეს დისკომფორტი შეიძლება იყოს ანთებითი ან არაანთებითი ხასიათის, ან სულაც ტრავმასთან იყოს დაკავშირებული. სახსრების ტკივილის მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია. ამ დროს უნდა შეიზღუდოს ისეთი აქტივობები, როგორიც არის სირბილი, ხტომა, ჩაბუქვნა. მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს და ტკივილს აძლიერებს სწრაფი და ხანგრძლივი სიარული, განსაკუთრებით – უსწორმასწორო ზედაპირზე.
რა იწვევს სახსრების ტკივილს?
როგორც აღვნიშნეთ, სასხრების ტკივილი სხვადასხვა მიზეზით ვითარდება. ძირითადად, ეს პრობლემა ასაკის მატებასთან ერთად ჩნდება, მაგრამ ის შესაძლოა, სიმსუქნეს, გენეტიკას ან სახსრების ტრავმასაც უკავშირდებოდეს. თუმცა არსებობს მისი გამომწვევი სხვა ფაქტორებიც, ესენია:
- ბურსიტი
- ოსტეოართრიტი
- რევმატოიდული ართრიტი
- ოსტეოპოროზი
- ფიბრომიალგია
- ტენდინიტი
- პოდაგრა
- რაქიტი
ოსტეოართრიტი – სახსრების დეგენერაციული დაავადებაა,რომლის დროსაც ადგილი აქვს სასახსრე ხრტილისა და მის ქვეშმდებარე ძვლის დაზიანებას. მდგომარეობა კლინიკურად სახსრის ტკივილით, გაშეშებითა და ფუნქციის შეზღუდვით ხასიათდება. მის მთავარ რისკ ფაქტორად ითვლება მდედრობითი სქესი და სიმსუქნე.
რევმატოიდული ართრიტი – არის ქრონიკული დაავადება,რომლის დროს იმუნური სისტემის არასწორი აქტიურობის შედეგად სახსარში იწყება ანთებითი პროცესი, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს,შეშუპებას,შებოჭილობასა და მოძრაობის შეზღუდვას.დროთა განმავლობაში დაავადების პროგრესირების შედეგად სახსრებმა შეიძლება განიცადონ დეფორმაცია და შეიზღუდოს მათი ფუნქცია. ეს საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და აქაც ძირითად სამიზნე ჯგუფი 35-50 წლის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს მოიცავს. რევმატოიდული ართრიტი შეიძლება გამოვლინდეს პრაქტიკულად ნებისმიერი სახსრის დაზიანებით, მაგრამ უმეტესად ზიანდება სხივ-მაჯის, მუხლის და ტერფის სახსრები.
ტენდინიტი – არის მყესის ანთება.ის ძირითადად ჭარბი ფიზიკური აქტივობისა და განმეორებითი მოძრაობების შედეგად ვითარდება.მას ახასიათებს ლოკალური მტკივნეულობა და მყესის შეშუპება.მკურნალობისთვის ძირითადად მოსვენებით რეჟიმსა და ორთოპედიულ ფიქსატორებს იყენებენ.
ოსტეოპოროზი – არის ძვლოვანი სისტემის დაავადება,რომელსაც ახასიათებს მინერალური შემადგნელობის ცვლილება,შესაბამისად ძვლის მასისა და სიმტკიცის შემცირება და მოტეხილობების გაზრდილი რისკი.პაციენტებს აწუხებთ ადვილად დაღლა,ზურგისა და სახსრების ტკივილი და ასევე აღნაგობის ცვლილება.მკურნალობის პროცესი ძირითადად მედიკამენტურ თერაპიას მოიცავს,ასევე მიმართავენ სახსრების სტაბილიზაციას სამედიცინო ფიქსატორებით.
როგორ ავიცილოთ თავიდან სახსრების ტკივილი?
სახსრების ტკივილის თავიდან ასაცილებლად, ისევე როგორც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის პრევენციისთვის, აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა. ეს გულისხმობს როგორც სწორ კვებას, ასევე ფიზიკურ აქტივობას. გარდა ამისა, უნდა ვერიდოთ სიმძიმეების აწევასა და გადატანას. ყველა ამ სახის აქტივობის დროს დაზიანებულ სახსრებზე მოქმედებს ძალა, რომელიც გაცილებით აღემატება სხეულის წონას და უკვე სახეცვლილი ხრტილისთვის საკმაოდ საზიანო ხდება.
როგორ ვუმკურნალოთ სახსრების ტკივილს?
სახსრების ტკივილი დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე და იმაზე, თუ რამდენად რთულად მიმდინარეობს ეს პროცესი თითოეულ ადამიანში. გაუსაძლისი ტკივილების დროს მიზანშეწონილია მედიკამენტების მიღებაც. საჭიროა, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც სასხრების ტკივილები აწუხებს,აკონტროლონ წონა და ივარჯიშონ,ასევე რეკომენდებულია მოხერხებული ფეხსაცმლისა და ფიქსატორების ტარება. ზოგადად, ორთოპედიული ფიქსატორები ტკივილების შემცირებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, სხეულის სხვადასხვა ნაწილის საფიქსაციოს განსხვავებული დანიშნულებები აქვს. მაგალითად, მენჯ-ბარძაყის ფიქსატორი იცავს სახსარს განმეორებითი დაზიანებისგან,ასევე გამოიყენება ტრავმის ან კოქსართროზის ჩვენებით მენჯ-ბარძაყზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ.მუხლის სამედიცინო ფიქსატორები და მყესის დამჭერები უზრუნველყოფენ სახსრის სტაბილიზაციას და მუხლის მყესზე დატვირთვის შემცირებას,შესაბამისად იდეალურია ტენდინიტის ან შლატერის დაავადების დროს.თუ მხრის ბურსიტი გაწუხებთ,გირჩევთ,გამოიყენოთ მხრის სამაგრი,რათა დააფიქსიროთ სახსარი და დაიცვათ დამატებითი მექანიკური დაზიანებისგან.
One thought on “სახსრების ტკივილი- გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები”