ინდივიდუალური სუპინატორები ბრტყელტერფიანობის და ტერფის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისათვის მაქსიმალურ შედეგს იძლევა. ამ პროდუქტის გამოყენებას უკეთესი შედეგი მოაქვს, რადგან ის თითოეული ადამიანის ტერფის მონაცემების საფუძველზე – პრობლემების შესაბამისად ინდივიდუალურად იქმნება. ინდივიდუალური სუპინატორი:
- ამსუბუქებს ტკივილს ტერფის არეში;
- ახდენს თაღის კორექციას;
- უზრუნველყოფს ტერფის სტაბილიზაციას და ზეწოლის სწორ გადანაწილებას.
როგორ მზადდება ინდივიდუალური სუპინატორები?
ინდივიდუალური სუპინატორის დამზადება ტერფის ბაროპოდომეტრიისა და პოდოსკანირების შედეგად მიღებული ტერფის სამგანზომილებიანი სურათის საფუძველზე ხდება. ბაროპოდომეტრი მაღალი რეზოლუციის მქონე პლატფორმაა, რომელიც ტერფის მდგომარეობას დინამიკაში – სიარულის დროს იკვლევს, პოდოსკანირების დროს კი ხდება ტერფის კომპიუტერული სკანირება სტატიკურ მდგომარეობაში. აღნიშნული პროცედურა, ანუ პლანტოგრაფია, ტერფის დეფორმაციების, თაღის მდგომარეობის, ზომებისა და გადახრის კუთხეების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა. ამ მონაცემების საფუძველზე დგინდება ტერფის მდგომარეობა და განისაზღვრება შესაბამისი დიაგნოზი. კვლევის ბოლოს მზადდება ინდივიდუალური სუპინატორი, რომელსაც საჭიროებიდან გამომდინარე, გამოყენების ფართო სპექტრი აქვს.
რამდენად ეფექტურია ინდივიდუალური სუპინატორი?
ინდივიდუალური სუპინატორის ტარება ასევე ეფექტურია ისეთი მდგომარეობებისა და აქტივობების დროს, როგორიცაა: – სპორტული და პროფესიული დატვირთვა, ორსულობა, სქოლიოზი, რევმატული დაავადებები და ტერფის სხვა პათოლოგიები. ეფექტურია ინდივიდუალური სუპინატორი იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობას მისდევს და ტერფი დატვირთული აქვს. ეს პროდუქტი ტერფს ზოგავს, ტკივილებს აქრობს და სპორტსმენსა თუ მოცეკვავეს დატვირთვის გახანგრძლივებაში ეხმარება. შესაბამისად, სუპინატორებს აქტიურად გამოიყენებენ სპორტსმენებიც. ეს პროდუქტი ხელს უწყობს არსებული პრობლემების მოწესრიგებას და ამასთანავე დიდი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში შესაძლო გართულებებისგან გვიცავს. განსაკუთრებით აუცილებელია ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენება ბრტყელტერფიანობის დროს – ეს დაავადება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ამ პროდუქტის ტარების პერიოდი ინდივიდუალურია, ამიტომ რეკომენდაციები მისი გამოყენების შესახებ პირადი ექიმისგან უნდა მიიღოთ.