კანის დაავადებები ხშირია ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანებში. ეს პრობლემა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ალერგიულ ფონთან, ვირუსთან, ინფექციასთან ან რომელიმე დაავადებასთან. მისთვის დამახასიათებელია:
- გამონაყარი სხეულის ნებისმიერ ნაწილში;
- ქავილი;
- კანის შეწითლება;
- წვა;
- თუ დაავადება ინფექციურია, შესაძლებელია სხეულის ტემპერატურა, სისუსტე და გულისრევაც გამოიწვიოს.
კანის დაავადებები ცალკეულ ჯგუფებად იყოფა: თანდაყოლილი, ინფექციური, ვირუსული, სოკოვანი, პათოლოგიური და ანთებითი. კანის დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებულია:
- დერმატიტი – ვითარდება მაშინ, როდესაც ცილა ფილაგრინის დეფიციტია. ეს არის ცილა, რომელიც კანში წყლის შეკავებასა და კანის დატენიანებას უზრუნველყოფს. მისი ნაკლებობით გამოწვეული კანის არასრულფასოვნების შედეგად, კი ვითარდება სიმშრალე, ქავილი და სიწითლე.
- ვარიკოზული ვენები – გაგანიერება შესაძლოა გენეტიკურად იყოს განპირობებული. ეს ბავშვობის ასაკიდან, რა თქმა უნდა, არ არის შესამჩნევი, თუმცა, ამ დროს ვენის კედელი პირველადად არის დაზიანებული. დროთა განმავლობაში გენეტიკური ფაქტორი თავს იჩენს და კლინიკურად გამოვლინდება. გარდა ამისა, შესაძლოა, ვარიკოზი რომელიმე დაავადების სახით იყოს გამოწვეული. ამ პრობლემის დროს რეკომენდირებულია ავადმყოფმა ატაროს ქუსლიანი ფეხსაცმელი – როცა წვივი დაჭიმულია, კუნთების აპონევროზი ელასტიკური ბანდის მსგავსად უჭერს ზედაპირულ ვენებს. გარდა ამისა, მკურნალობის პროცესში აქტიურად იყენებენ – ელასტიურ ტრიკოტაჟს: გეტრებს, წინდებსა და კოლგოტებს.
- წითელი ქარი – კანის ინფექციურ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. მისი მაპროვოცირებელი არაერთი მიზეზია ცნობილი, თუმცა, ის მხოლოდ დაზიანებულ კანსა და ლორწოვანში სტრეპტოკოკის შეჭრის შედეგად ვითარდება. კანის ბაქტერიული დაბინძურების მიზეზი შეიძლება ქირურგიული ჭრილობა ან უბრალოდ მწერის ნაკბენი გახდეს. წითელი ქარისთვის დასაწყისში სისუსტე და თავის ტკივილია დამახასიათებელი, ამას ხშირ შემთხვევაში მოჰყვება შემცივნება და ტემპერატურის მატება.
- ჭინჭრის ციება – კანის რეაქციაა, რომელიც ძირითადად, მაშინ ვლინდება როდესაც ცილა ჰისტამინი კანზე გროვდება. ამ დროს გამონაყარი ხანმოკლეა და არ იწვევს გართულებებს, მისთვის დამახასიათებელია სიწითლე, შესიება და ქავილის შეგრძნება.
- ფსორიაზი- იწვევს წითელ გამაგრებულ გამონაზარდებს კანზე, რომელიც დაფარულია ვერცხლისფერი ქერცლით.
ცნობილია ასევე, კანის სოკოვანი დაავადები, რომელთა გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს. ამ ინფექციის განვითარებას ხშირად უკავშირდება ოფლიანობა, ტენიანი და თბილი გარემო, ვიწრო ან სინთეტიკური ტანსაცმელი.
საბედნიეროდ, კანის დაავადებების უმრავლესობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ ხშირად მას ახლავს დისკომფორტი და გარეგნობის გაუარესება. ამ პრობლემებს პაციენტები ძირითადად, სახლის პირობებში მკურნალობენ. დაავადებების გართულების შემთხვევაში მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. პაციენტები ამ დროს მედიკამენტებს იყენებენ. თუმცა, თუ კანის რომელიმე დაავადება ქვედა კიდურებზეა განვითარებული მაშინ ამ დროს აუცილებელია მოძრაობის შეზღუდვა და კიდურის მოსვენება აწეულ მდგომარეობაში – ეს ამცირებს შეშუპებასა და ტკივილს. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, კი ჯანმრთელმა პაციენტებმა 1 თვის განმავლობაში უნდა ატარონ ელასტიკური წინდები. ხოლო მათ, ვისაც ლიმფური შეშუპება აქვთ, გაცილებით დიდ ხანს უხდებათ კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება, ლიმფური დრენაჟის გასაუმჯობესებლად.