ხერხემლის ქამარი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული პროდუქტია. პაციენტები მათ ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის იყენებენ. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ხერხემლის იმობილიზაციას, დატვირთვის შემსუბუქებასა და ზურგის ტკივილის შემცირებას. ხერხემლის პრობლემები მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. მათ შორის, ხშირია:
- ხერხემლის თიაქარი – ეს დაავადება შეიძლება ადამიანს გენეტიკურად გადაეცეს ან სიმსუქნემ, ხანდაზმულმა ასაკმა, ტრავმამ, ინფექციებმა ან ფიზიკურმა დატვირთვამ გამოიწვიოს. ამ დროს დარღვეულია დისკის მთლიანობა და ადგილი აქვს დეფექტიდან პულპოზური ბირთვის გამოვარდნას.
- სქოლიოზი – იგივე ხერხემლის გამრუდება ხშირია მოზარდებში, რადგან ბავშვის სწრაფი ზრდისას კუნთოვანი კარკასი ვერ ეწევა ძვლებს, ეს კი ხერხემლის კუნთებისა და იოგოვანი აპარატის დასუსტებას განაპირობებს. არსებობს I და II ხარისხის – შედარებით მსუბუქად მიჩნეული და III და IV – რომელიც სერიოზული პათოლოგიაა და ორგანოთა მთელ წყებას აზიანებს.
- ლორდოზი – ამ დროს წელის ნორმალური ნადრეკი უფრო ღრმად არის შეწეული. პათოლოგიური ლორდოზი შეიძლება წარმოიშვას კუნთების დისბალანსის, ტრავმისა და სწრაფი ზრდის შედეგად.
ამ პრობლემების დროს პაციენტები ხერხემლის ფიქსატორებს იყენებენ. ზურგის კორსეტი არსებობს სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და მას აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს. ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.
- წელის კორსეტი – გამოიყენება სპორტული დაზიანებების, მალთაშუა დისკის თიაქრის, ზურგის კუნთების დაჭიმვის, სპონდილოზის და იოგების/მყესის დაზიანების მკურნალობის პროცესში.
- ზურგის კორსეტი – ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის დამზადებული და მისი ტარება მარტივად ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და იყენებენ ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს. ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს .
ხერხემლის გასასწორებელი ქამრების გამოყენებამდე უმჯობესია, რომ პირად ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ და რეკომენდაციები მისგან მიიღოთ, რადგან, ამ პროდუქტის ტარების პერიოდი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება.