ვალგუსური დეფორმაცია ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ორთოპედიული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება თაღების დაქვეითებით და ფეხის ღერძის ფორმის დეფორმაციით. ამ დროს ცერა თითის ძვლის ფუძე სქელდება და გარეთ იდრიკება. აღნიშნულ სახსარს ძალზე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია – ის სიარულის დროს ყოველი ნაბიჯის გადადგმაში მონაწილეობს. რაც უფრო მეტად იზრდება ძვლოვანი წარმონაქმნი, მით უფრო მტკივნეული ხდება სიარული. დიდი ზომის ვალგუსური დეფორმაცია ფეხს ამახინჯებს და პათოლოგიური პროცესის პროგრესირებასთან ერთად ცერი შესაძლოა მეორე თითისკენ გადაიხაროს და მის ქვეშ აღმოჩნდეს.
ვალგუსური დეფორმაციის სიმპტომები ბავშვებში
ვალგუსური დეფორმაციის დროს ფეხსაცმლის ტარება დისკომფორტს იწვევს და სერიოზულ ტკივილს იწვევს. ცერის ზეწოლის გამო მეორე თითი თითთა მწკრივიდან გამოდის და მესამე თითს ზევიდან გადაეფარება. მწვავე მდგომარეობისას სიარული ძნელდება, ხოლო თუ პათოლოგია ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდა, შესაძლოა ართრიტიც განვითარდეს. ბავშვებში ვალგუსური დეფორმაციის სიმპტომებია:
● ტერფის ფორმის ცვლილება – ბავშვი დგება ტერფის შიდა ნაწილზე, ქუსლები კი გარეთაა გადახრილი.
● სიარულის მანერა – ბავშვი სწრაფად იღლება სიარულისას
● ტკივილი – ფეხების ტკივილი საღამოს საათებში ან აქტიური მოძრაობის შემდეგ.
● ფეხსაცმლის ცვეთა – ფეხსაცმელი უფრო მეტად შიდა მხრიდან იცვითება.
რა იწვევს ვალგუსურ დეფორმაციას?
ვალგუსური დეფორმაცია უკავშირდება არასტაბილურ სიარულს. გარდა ამისა, ამ დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
● გენეტიკა;
● რაქიტი;
● ნაადრევი ფეხზე დადგომა: როდესაც ბავშვის კუნთოვანი სისტემა ჯერ კიდევ არ არის მზად სხეულის წონის შესაკავებლად.
● არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი: რბილი და გამოკვეთილი სუპინატორის არმქონე ფეხსაცმელი, რომელიც ვერ აფიქსირებს კოჭ-წვივის სახსარს.
● ჭარბი წონა: დამატებითი დატვირთვა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ სახსრებზე.
ვალგუსური დეფორმაციის მკურნალობა
ვალგუსური დეფორმაციის მკურნალობა კომპლექსურია და საუკეთესო შედეგს იძლევა ადრეულ ასაკში 7- 8 წლამდე, სანამ ძვლოვანი სისტემა პლასტიკურია. თანამედროვე თერაპიის მთავარი მიზანია დეფორმაციის აღმოფხვრა და ქვედა კიდურების კუნთოვანი აპარატის გაძლიერება. მკურნალობის პროცესის დროს ეფექტურია:
● ორთოპედიული ფეხსაცმელი და სუპინატორები: მყარი უკანა ნაწილით, რომელიც აფიქსირებს ქუსლს სწორ პოზიციაში და ინდივიდუალურად დამზადებული სუპინატორები.
● სამკურნალო მასაჟი: მიმართულია წვივისა და ტერფის კუნთების გაძლიერებაზე.
● ფიზიოთერაპია.