თეძოს ტკივილი – როგორ ამოვიცნოთ პრობლემა?

თეძოს ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. დისკომფორტი, ზოგჯერ მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის დროს ვლინდება, ზოგჯერ კი მოსვენების მდგომარეობაშიც გრძელდება და ყოველდღიურ საქმიანობას მნიშვნელოვნად აფერხებს. თეძოს სახსარი ადამიანის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სტრუქტურაა, ამიტომ მისი ნებისმიერი დაზიანება ან დაავადება მოძრაობის ხარისხზე პირდაპირ აისახება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თეძოს ტკივილი ყოველთვის მხოლოდ სახსრის პრობლემა არ არის. ზოგ შემთხვევაში ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების, მყესების, ნერვების ან ხერხემლის პათოლოგიების გამო. სწორედ ამიტომ, მიზეზის დროული დადგენა ეფექტური მკურნალობის წინაპირობაა.

რა იწვევს თეძოს ტკივილს?

თეძოს ტკივილის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია. ზოგიერთი მათგანი დროებითი და მარტივად სამართავია, ზოგი კი სპეციალისტის ჩარევასა და მკურნალობას საჭიროებს. თეძოს ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • ოსტეოართროზი (სახსრის ცვეთა);
  • ბურსიტი;
  • მყესებისა და კუნთების გადატვირთვა;
  • სპორტული ტრავმები;
  • მოტეხილობა ან ამოვარდნილობა;
  • ანთებითი დაავადებები;
  • ნერვის გაღიზიანება, რომელიც ტკივილს თეძოს არეში ავრცელებს.

ხანდაზმულ ასაკში ხშირია სახსრის დეგენერაციული ცვლილებები, ხოლო ახალგაზრდა ადამიანებში ტკივილის მიზეზი ხშირად ინტენსიური ფიზიკური აქტივობა ან ტრავმა ხდება.

როგორ ვლინდება პრობლემა?

სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იწვევს ტკივილს. ზოგიერთ შემთხვევაში დისკომფორტი მხოლოდ მოძრაობისას იგრძნობა, ხოლო მძიმე ფორმების დროს ტკივილი მუდმივ ხასიათს იღებს. თეძოს ტკივილის დროს ყურადღება მიაქციეთ შემდეგ სიმპტომებს:

  • ტკივილი საზარდულის ან ბარძაყის არეში;
  • მოძრაობის შეზღუდვა;
  • სიარულის დროს კოჭლობა;
  • კიბეზე ასვლის ან სკამიდან წამოდგომის გაძნელება.

თუ აღნიშნული სიმპტომები რამდენიმე დღეზე მეტხანს გრძელდება ან თანდათან ძლიერდება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ყოველთვის თეძოს სახსარია ტკივილის მიზეზი?

ხშირად პაციენტს ჰგონია, რომ ტკივილი უშუალოდ თეძოს სახსრიდან მოდის, თუმცა, მიზეზი სხვა ანატომიურ სტრუქტურაში იმალება. მაგალითად:

  • წელის ხერხემლის დაავადებები;
  • საჯდომი ნერვის გაღიზიანება;
  • მენჯის კუნთების სპაზმი;
  • მყესების ან იოგების დაზიანება;
  • ზოგიერთ შემთხვევაში მუხლის პათოლოგიაც კი.

ამიტომ მხოლოდ სიმპტომების მიხედვით დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. სპეციალისტი აფასებს ტკივილის ლოკალიზაციას, მოძრაობის მოცულობას, პაციენტის ისტორიასა და საჭიროების შემთხვევაში დამატებით კვლევებს ნიშნავს.

როგორ მკურნალობენ თეძოს ტკივილს?

სწორი დიაგნოზი წარმატებული მკურნალობის მთავარი წინაპირობაა. პირველ ეტაპზე ექიმი აგროვებს დეტალურ ინფორმაციას ტკივილის ხასიათის, ხანგრძლივობისა და თანმხლები სიმპტომების შესახებ. ამის შემდეგ შესაძლოა დაინიშნოს:

  • ფიზიკური გასინჯვა;
  • რენტგენოლოგიური კვლევა;
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI);
  • კომპიუტერული ტომოგრაფია (CT);
  • ლაბორატორიული ანალიზები, თუ არსებობს ანთებითი დაავადების ეჭვი.

თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდები საშუალებას იძლევა პრობლემის მიზეზი ზუსტად დადგინდეს და თავიდან იქნას აცილებული არასწორი მკურნალობა. მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია ტკივილის გამომწვევ მიზეზზე. ზოგიერთ შემთხვევაში საკმარისია დატვირთვის შემცირება და ფიზიოთერაპია, ხოლო უფრო რთულ სიტუაციებში შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტური ან ქირურგიული ჩარევა. მკურნალობის გეგმა შეიძლება მოიცავდეს:

  • ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს;
  • ფიზიოთერაპიას;
  • სამკურნალო ვარჯიშებს;
  • წონის კონტროლს;
  • ცხოვრების წესის ცვლილებას;
  • ინექციურ ან ქირურგიულ მკურნალობას საჭიროების შემთხვევაში.

სპეციალისტები ამ დროს განსაკუთრებულ რეკომენდაციას ორთოპედიულ პროდუქტებს უწევენ, რადგენ ეს პროდუქტი დაზიანებული ადგილის ეფექტურ აღდგენასა და რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. თვითმკურნალობა რეკომენდებული არ არის, რადგან სხვადასხვა დაავადებას განსხვავებული მართვის ტაქტიკა სჭირდება.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, თუ:

  • ტკივილი უეცრად და ძლიერი ინტენსივობით დაიწყო;
  • ტრავმის შემდეგ ფეხზე დადგომა გიჭირთ;
  • ტკივილი რამდენიმე დღეზე მეტხანს გრძელდება;
  • აღინიშნება შეშუპება, სიწითლე ან ტემპერატურის მომატება;
  • მოძრაობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა.

დროული კონსულტაცია ხელს უწყობს გართულებების თავიდან აცილებას და მკურნალობის ეფექტურობას ზრდის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may also like these