მაჯის მოტეხილობამ შეიძლება რბილი ქსოვილების სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს. უსიამოვნო შეგრძნებები კი ყველაზე ხშირად ფიზიკური აქტივობების დროს ვლინდება და რთული ხდება ნივთების, განსაკუთრებით მძიმე საგნების აწევა. მაჯა საკმაოდ რთული სახსარია, რომელიც ორ რიგად დაწყობილი 8 ძვლისგან შედგება. მაჯის, მტევნის, სხივისა და იდაყვის ძვლებს ერთმანეთთან იოგები აკავშირებს და ამიტომ ნებისმიერი ნაწილის დაზიანებამ შეიძლება დისკომფორტი გამოიწვიოს.
რა იწვევს მაჯის მოტეხილობას?
მაჯის მოტეხილობა, რომელსაც მწვავე ტკივილი ახასიათებს, შეიძლება წარმოიშვას დარტყმით ან დაცემით. მაჯის მოტეხილობა მოიცავს სხივის და ზოგჯერ იდაყვის ძვლის მოტეხილობას, რაც ძირითადად გამართულ ხელზე დავარდნისას ვითარდება. სამწუხაროდ, ხშირია მსგავსი შემთხვევები, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. მაჯის მოტეხილობას იწვევს:
- დაცემა – ფეხის დაცურება ყინულზე, კიბეზე ან სველ იატაკზე.
- სპორტული ტრავმები – ისეთი სახეობები, სადაც დაცემის მაღალი რისკია.
- ავტოსაგზაო შემთხვევები – ძლიერი დარტყმა საჭეზე ან მანქანის სალონის სხვა ნაწილზე.
- ოსტეოპოროზი – ძვლების სიმკვრივის შემცირება (განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში), რა დროსაც უმნიშვნელო დაცემამაც კი შეიძლება მოტეხილობა გამოიწვიოს.
მაჯის მოტეხილობის სიმპტომები
მაჯის მოტეხილობას ახასიათებს ტკივილი, შეშუპება და მგრძნობელობის მომატება. ხშირად ეს მიდამო არაბუნებრივადაც გამოიყურება. მაკის მოტეხილობის სიმპტომებია:
- ძლიერი ტკივილი;
- შეშუპება და დალურჯება;
- დეფორმაცია;
- მგრძნობელობის დაკარგვა;
- შეზღუდული მოძრაობა.
როგორ ვუმკურნალოთ მაჯის მოტეხილობას?
მაჯის მოტეხილობას ძირითადად დახურული წესით ასწორებენ და თაბაშირის ნახვევს ადებენ, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ მისი მკურნალობა დროულად და სწორად მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძვლები სათანადოდ ვერ შეხორცდება – ეს კი შედეგად ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვა პრობლემებსაც იწვევს. ხშირად მოტეხილობაზე ეჭვის დროს, საჭიროა დაზიანებული ადგილის იმობილიზაცია. სწორედ ამიტომ მედიკოსები პაცეინტებს მაჯის დაჭიმვისა და ღრძობის, მოტეხილობის, ამოვარდნილობისა და მაჯის ტრავმის დროს ორთოპედიული ფიქსატორების გამოყენებას ურჩევენ. ეს პროდუქტი ასევე ეფექტურია მყესის ანთების, რევმატოიდური ართრიტის და რეაბილიტაციის პერიოდშიც.
