რა უნდა ვიცოდეთ ორთეზის შესახებ

ორთეზი გამოიყენება სხეულის დაზიანებული ნაწილების ფიქსაციისა და სტრუქტურული და ფუნქციური კორექციისთვის. ეს პროდუქტი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტრავმებისა და სხვადასხვა პათოლოგიის შედეგად გამოწვეული დეფორმაციების თავიდან აცილებასა და გართულებების პრევენციაში, ასევე რეაბილიტაციის პროცესის გაუმჯობესებაში.

როდის არის ორთეზის გამოყენება საჭირო?

ორთეზის გამოყენება რეკომენდებულია სხვადასხვა სამედიცინო პრობლემის  დროს.  როგორიცაა:

  • ტრავმები – მოტეხილობები, ღრძობები, ამოვარდნილობები, მყესებისა და იოგების დაზიანებები.
  • ქირურგიული ჩარევის შემდგომი პერიოდი – სახსრის იმობილიზაცია და რეაბილიტაციის ხელშეწყობა ოპერაციის შემდეგ.
  • ქრონიკული დაავადებები – ართრიტი, ართროზი, ტერფის დეფორმაციები , მენჯ-ბარძაყის სახსრის პრობლემები და სქოლიოზი.
  • სხეულის გარკვეული ნაწილის არასწორი დგომის ან მოძრაობის კორექცია.

ორთეზის სხვადასხვა ტიპები

ორთეზები კლასიფიცირდება იმის მიხედვით, თუ სხეულის რომელ ნაწილს ეხება და რა ფუნქციას ასრულებს. ყველაზე გავრცელებული ტიპებია:

  • ქვედა კიდურების ორთეზები – ტერფის კოჭ-ტერფის, მუხლის, კოჭის,  ტერფისა და  მენჯ-ბარძაყის;
  • ზედა კიდურების ორთეზები – მაჯის, ხელის, იდაყვის, მხრისა და თითის;
  • ხერხემლის ორთეზები – გამოიყენება ხერხემლის სხვადასხვა ნაწილის (წელი, გულმკერდი) სტაბილიზაციისა და კორექციისთვის ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა სქოლიოზი, კიფოზი, ან ხერხემლის მალების მოტეხილობა.
  • სახსრის ამოვარდნის – დისლოკაციის დროს.

როგორ შევარჩიოთ ორთეზი?

ორთეზი უნდა იყოს ზუსტად შერჩეული ზომით. ის არ უნდა იწვევდეს კანის დაზიანებას ან დისკომფორტს. ორთეზის მორგება და მისი გამოყენების სწავლება კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • მუხლის ორთეზი კონტროლირებადი მექანიზმით – გვერდებზე არსებული კონტროლირებადი მექანიზმის დახმარებით შეგიძლიათ ფეხი სასურველ დონეზე მოხაროთ და გაშალოთ, მუხლის სახსრის მოხრის კუთხის რეგულირებით. გამოიყენება მყესების დაზიანებისა და სხვა ტრავმების დროს, ოპერაციის შემდგომ, ექიმის დანიშნულებით.
  • ხელის სავარჯიშო დინამიური ორთეზი – გამოიყენება თითების სავარჯიშოდ ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა: ცერებრული დამბლა, კუნთოვანი დისტროფია, მყესების დაზიანება,  ინსულტი, გაფანტული სკლეროზი. ასევე, ფალანგთაშუა მყესებზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომ პერიოდში. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.
  • კოჭის ორთეზი – კოჭს აფიქსირებს 90 გრადუსიანი კუთხით. ორთეზი ნებისმიერ ფეხსაცმელს ერგება და დისკომფორტსაც არ შეგიქმნით. ინიშნება მყესების დაზიანების დროს, ასევე ინსულტის შემდეგ ტერფის სტაბილიზაციისთვის. გამოიყენება ასევე კოჭ-წვივის სახსრის ამოვარდნილობის და მოტეხილობის დროს. დამზადებულია მაღალი ხარისხის პლასტმასის მასალისაგან.
  • ცერა თითის ორთეზი – უზრუნველყოფს სახსრის იმობილიზაციას, გამოიყენება თაბაშირის შემცვლელად ცერა თითის მოტეხილობისა და ამოვარდნილობის დროს.
  • იდაყვის ორთეზი – უზრუნველყოფს იდაყვის სახსრის კონტროლირებულ იმობილიზაციას. იგი გამოიყენება მოტეხილობის, ღრძობის ან ართროზის დროს. სახსარს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და დაზიანებისგან იცავს.

ორთეზის შეძენამდე ყოველთვის მიმართეთ ექიმს, რადგან თვითმკურნალობამ ან არასწორად შერჩეულმა საშუალებამ შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *