წელის სამაგრი ხერხემლის, მხრებისა და ზურგთან დაკავშირებული პრობლემების დროს გამოიყენება. მათ როგორც მკურნალობის, ასევე პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნით იყენებენ. ეს სამედიცინო საშუალებები რეკომენდებულია მათთვის, ვისაც მთელი დღის განმავლობაში ჯდომა და არასწორ მდგომარეობაში მუშაობა უწევს. წელის სტაბილიზატორი ხერხემლის სტაბილიზაციასა და ტკივილის შემცირებას უზრუნველყოფს. წელის დამჭერი სხვადასხვა სიგრძის არსებობს და მათ სპეციალური დამატებითი მეტალისა და პლასტმასის ჩანართები აქვს. ისინი დამზადებულია როგორც ჰაერგამტარი ნეოპრინის, ასევე ელასტიური ბამბის მასალისგან. ეს სამედიცინო საშუალება ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ეხმარება, რადგან წელის ტკივილს ამცირებს და ხერხემალს ნორმალური მდგომარეობის აღდგენაში ეხმარება. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- წელის ბანდაჟი – ხელს უწყობს ზურგისა და წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას. ძირითადად, გამოიყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში. ასევე პოსტურული დარღვევებისა და მსუბუქი ხარისხის კიფოზის დროს. ბანდაჟი ხელმისაწვდომია ზურგ-დამჭერითა და მის გარეშე.
- ზურგის კორსეტი – ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის დამზადებული, მისი ტარება მარტივად ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და იყენებენ ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს. ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს .
- ჰიპერექსტენზიის კორსეტი – კომპრესიული მოტეხილობების დროს ახდენს ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას საგიტალურ სიბრტყეში. მისი წინა მხარე შედგება ალუმინისაგან, ხოლო უკანა მხარე ლამინირებული პლასტაზოტისაგან.
- ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტი – სახსრების შეერთების დარღვევის, სპორტული დაზიანებების, ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვის, მალთაშუა დისკის თიაქრის, გავა-თეძოს შესახსრების ადგილის დისფუნქციის, უკანა კუნთების დაჭიმვისა და იოგების/მყესის დაჭიმვის მკურნალობის პროცესში გამოიყენება.
- წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და მას აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს. ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.
ეს პროდუქტები ხელს უწყობს ხერხემლის ან კონკრეტულად წელის იმობილიზაციას და შესაბამის არეში დატვირთვის შემსუბუქებას. გარდა, ამისა წელის სამაგრები ეფექტურია სხვადასხვა პრობლემის დროს, როგორიცაა:
- ოსტეოქონდროზი;
- მალთაშუა დისკის თიაქარი;
- კიფოზი;
- სქოლიოზი;
- რადიკულიტის და სხვადასხვა პათოლოგიის დროს.
წელის სამაგრების გამოყენების პერიოდი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. შესაძლოა, მათი ტარება რამდენიმე კვირა საკმარისი იყოს, თუმცა, მოსალოდნელია ეს პერიოდი რამდენიმე თვეც კი გაგრძელდეს. ასევე მნიშვნელოვანია ზომისა და კორსეტის ქსოვილის ხარისხის სწორი შერჩევა, რათა გამოყენების პროცესი იყოს მაქსიმალურად ეფექტური და კომფორტული.